პროგრამის მიზანია სახელმწიფო სერვისების განვითარება და მათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის დონეზე. აღნიშნული მიზნების მისაღწევად დაგეგმილია რამდენიმე მიმართულების პროგრამების ...
პროგრამის მიზანია სახელმწიფო სერვისების განვითარება და მათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის დონეზე. აღნიშნული მიზნების მისაღწევად დაგეგმილია რამდენიმე მიმართულების პროგრამების განხორციელება. ქვეყნის მასშტაბით მრავალმოსახლე და მუნიციპალური ცენტრიდან მოშორებულ სოფლებში პროგრამის ფარგლებში აშენდება საზოგადოებრივი ცენტრები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სოფლიდან გაუსვლელად მიიღებს როგორც სახელმწიფო (სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის, ეროვნული არქივის, სოციალური მომსახურების სააგენტოს და სხვ.), ისე კერძო სექტორის (საბანკო, ტელესაკომუნიკაციო და სხვ.) და მუნიციპალური სერვისები. გარდა ამისა, ასევე იგეგმება საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციის განვითარება საჯარო ბიბლიოთეკების ბაზაზე, რომელიც გულისხმობს შერჩეული სოფლის ბიბლიოთეკების ინფრასტრუქტურის გამართვას, ტექნიკითა და ინტერნეტით უზრუნველყოფას და თანამშრომელთა გადამზადებას. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურულ ბაზაზე იგეგმება სამოქალაქო ჩართულობის ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზება, რაც მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას, განათლებას და მათი შესაძლებლობების განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფას. პროგრამა აგრეთვე მოიცავს სამოქალაქო რეესტრის წარმოებას, რაც გულისხმობს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციას, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაცემას, მოქალაქეობა-მიგრაციის პროცედურების წარმართვას, მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საქმიანობას, მოსახლეობის ერთიანი რეესტრის წარმოებას, დოკუმენტის აპოსტილირებისა და ლეგალიზაციის წარმოებას. აღნიშნული საინფორმაციო რესურსები, კერძოდ, მოსახლეობის რეესტრი ასევე საარჩევნო სიის ძირითადი საფუძველია. ქვეყნის მასშტაბით იგი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ რესურსს. შესაბამისად, მისი ხარისხის უზრუნველყოფა პროგრამის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. პროგრამის არანაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულებაა დამისამართების პრობლემის გადაჭრა საქართველოში. პროექტი გულისხმობს თითოეული მოქალაქის რეგისტრაციის მონაცემების დაკავშირებას ახალ მისამართებთან. მისამართების ახალი რეესტრის გამოყენება საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული მოქალაქეთა არაკორექტულ და არარსებულ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტები; ეს კი მოსახლეობის რეესტრისა და საარჩევნო სიის ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი წინაპირობაა. პროგრამის ფარგლებში მოხდება ახალი მომსახურებების დანერგვა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურებში გააუმჯობესებს მომხმარებელთა მომსახურების დონეს. მოხდება ციფრული ხელმოწერისა და ციფრული შტამპის განვითარება, რომელიც შექმნის დისტანციური ბიზნესურთიერთობის დამყარების საშუალებას, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება დროის და ფინანსური რესურსების დაზოგვა. ასევე, იგეგმება ბიომეტრიული იდენტიფიკაციის სისტემის განვითარება, რაც მოიცავს მე-3 თაობის ბიომეტრიული პასპორტების გასაცემად ინფრასტრუქტურის განვითარებას და აღნიშნული თაობის პასპორტების შეთავაზებას მოქალაქეებისთვის − ევროკავშირის ვიზა-ვიზალიბერალიზაციის პროცესის მოთხოვნების შესაბამისად. პროგრამის ფარგლებში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნო, კომისიის შესაბამის წევრ უწყებებთან ერთად, მუშაობს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დოკუმენტებზე. კომისიის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, სამდივნო გეგმავს რიგი ღონისძიებების გატარებას, რაც, ერთი მხრივ, მიმართული იქნება მიგრაციის სფეროში ეროვნული საკანონმდებლო ბაზის განვითარებისკენ, ხოლო მეორე მხრივ, ჩამოაყალიბებს იმ ეფექტიან მექანიზმებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება მიგრაციული პოლიტიკის პრაქტიკაში გატარება.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022